ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი 2022 წლის პირველ კვირებში უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება

რუსეთი 2022 წლის პირველ კვირებში უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. ამის შესახებ ამერიკულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Associated Press-ი წერს.

დაზვერვის ინფორმაციით, საბრძოლო ქმედებებში 175 ათასამდე რუსი სამხედრო შეიძლება იყოს ჩართული, რომელთა ნახევარი უკვე უკრაინის საზღვრებთან იმყოფება. არსებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში რუსეთი უკრაინის საზღვართან კიდევ 100 ბატალიონური ტაქტიკური ჯგუფის, ჯავშანტექნკის, არტილერიისა და სხვა ტექნიკის გადასროლას გეგმავს.

ამასთან, პირველ დეკემბერს, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა. 2 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.