რომის პაპმა საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე შეხვედრისას, მიგრანტების უგულვებელყოფას „ცივილიზაციის გემის ჩაძირვა“ უწოდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
„ევროპაში არიან ისეთები, რომლებიც დაჟინებით განიხილავენ პრობლემას, როგორც საკითხს, რომელიც მათ არ ეხებათ - ეს ტრაგიკულია. ისტორია გვასწავლის, რომ ვიწრო პირადი ინტერესები და ნაციონალიზმი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მარტივია სხვებისადმი შიშის გაღვივებით“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
„შორეულ მიზეზებზე კონცეტრირება უნდა მოხდეს და არა თავდასხმა ღარიბ ხალხზე, რომელიც აღმოჩნდება შედეგების წინაშე და გამოიყენება თუნდაც პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა.
საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ, რომელიც თან ახლდა რომის პაპს, განაცხადა, რომ მიგრაციის საკითხი მთელი ევროპის პასუხისმგებლობაა და არამხოლოდ საბერძნეთის.
ევროკავშირის მონაცემებით, წელს 8000-ზე მეტი ადამიანი ხმელეთით და ზღვით საბერძნეთში გადავიდა, შარშან, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15000 იყო. წინა წელს, დაახლოებით - 75000.
ევროპაში შესული ადამიანების რაოდენობამ უმაღლეს ნიშნულს 2015 წელს მიაღწია, როდესაც სირიის სამოქალაქო ომისა და სხვა კრიზისებს მილიონზე მეტი ადამიანი გაექცა. მას შემდეგ, ამ რიცხვმა იკლო, რადგან მიგრანტების მარშრუტების გასწვრივ მდებარე ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს.
წელს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, 1650 ადამიანი დაიკარგა ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას
გასულ თვეს, ლა მანშის არხის გადაკვეთისას მიგრანტთა ნავის ჩაძირვისას 27 ადამიანი დაიღუპა, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ცდილობდნენ გადასვლას, იზრდება, 26000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა დიდ ბრიტანეთში წელს, რაც შარშანდელზე ორჯერ მეტია.
რამდენიმე ადამიანი ასევე დაიღუპა ცივი ტემპერატურის დროს, რომლებიც ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლას ცდილობდნენ. ბელარუსი უარყოფს ბრალდებებს, რომ კრიზისს ქმნის მის საზღვარზე, რაშიც მიგრანტებს იყენებს.
ბელარუსის საზღვართან მიგრანტთა მზარდი ნაკადის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა