აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან სერიოზულ საფრთხედ აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს მის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას და აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალ აგრესიას მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები ექნება.

ამასთან, ბლინკენი მიიჩნევს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ეფექტური საშუალებაა დიპლომატიური მუშაობა და მინსკის შეთანხმების შესრულება. ამ საკითხებზე სახელმწიფო მდივანმა ილაპარაკა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, SVT-სთან ინტერვიუში, რომელიც ბლინკენმა ტელეარხს მისცა სტოკჰოლმში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან გასულ კვირაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი იყო პირდაპირი და სერიოზული.