დიმიტრი პესკოვი: რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები რუსეთის საზღვრებისკენ NATO-ს გაფართოების საკითხს განიხილავენ

"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 7 დეკემბერს დაგეგმილ ვიდეო კონფერენციაზე უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასა და რუსეთის საზღვრებისკენ NATO-ს გაფართოების საკითხს განიხილავენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ სრულდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, რა ხორციელდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ორი პრეზიდენტის კომუნიკაციის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ იგეგმება.

ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე ხვდებიან.

ასევე, ლიდერები განიხილავენ ჟენევაში, შვეიცარიაში, წინა შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხს, ავღანეთში, ირანში, ლიბიასა და სირიაში არსებულ სიტუაციებს, ასევე უკრაინის კრიზისს. რუსი ოფიციალური პირის თქმით, დღის წესრიგში შესაძლოა, იყოს ნავთობის ბაზარი, კლიმატის ცვლილება და COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა.