საშობაო წვეულებაზე დასწრების შემდეგ, ესპანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს 70-მდე თანამშრომელს COVID19 დაუდასტურდა

ესპანეთში, საშობაო წვეულებაზე დასწრების შემდეგ, ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების 70-მდე ექთანსა და ექიმს COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ უცხოური მედია ესპანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

ანდალუსიის რეგიონული მთავრობის ცნობით, COVID19-ით ინფიცირებულია მალაგას საუნივერსიტეტო რეგიონული ჰოსპიტლის 68 მედიკოსი.

ინფექციის წყარო ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა რეგიონული ხელისუფლება აღნიშნავს, რომ 68-ვე მედიკოსი პირველ დეკემბერს საშობაო წვეულებას ესწრებოდა, სადაც სულ 173 ადამიანი იმყოფებოდა. წვეულებაზე დასწრებამდე ყველა მედიკოსს გაკეთებული ჰქონდა ანტიგენტესტი ან ვაქცინის ბუსტერდოზა.

ინფიცირების კიდევ ერთ შესაძლო წყაროდ ხელისუფლება საავადმყოფოს პერსონალისთვის მომზადებულ სადილს განიხილავს.