საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოში სააკაშვილთან დაკავშირებით, გარკვეული მითითებაა შესატანი.
კერძოდ, კობახიძის აზრით, მასში უნდა იყოს შეტანილი, რომ სააკაშვილის პირობებში „საქართველოში ჩამოყალიბდა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგიც იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფდა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ.
„ასევე აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაულიც აღიარებული იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება ფაქტების კონსტატაცია. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილზე ნაწილს, კობახიძის თქმით, „ქველმოქმედების მიზნით საქართველოში 3 მილიარდი ლარი აქვს დახარჯული ივანიშვილს და მის წინააღმდეგ ისეთი ადამიანები აგებენ პროპაგანდას, რომლებიც კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით დანაშაულს სჩადიოდნენ“.
„ჩვენ ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც გვხვდება კონკრეტულ სასკოლო სახელმძღვანელოში. საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტატაციასთან, რაც არის ლაკონურად და მოკრძალებულად ციტირებული.
ის ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ, 3 მილიარდზე მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის მიხედვით მიიღებენ პასუხს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე
რა წერია მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტს იწყებს