აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ვლადიმერ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს. ამის შესახებ განცხადება ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენი შეშფოთება არის ის, რომ პუტინი მემკვიდრეობის პროექტად სინამდვილეში შეიძლება მიისწრაფვოდეს საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანობა აშშ-ში, ერთიანობა უკრაინის საკითხზე, NATO-ს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან ერთიანობა.

არავის სურს ომი, ყველაზე ნაკლებად კი, რუს ხალხს. რუსი ხალხი იმსახურებს უკეთეს სკოლებს, საავადმყოფოებს, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას. სწორედ ამაზე უნდა იხარჯებოდეს რუსეთის სიმდიდრე და არა რუსი ბიჭების უკრაინის ფრონტის ხაზზე გასაგზავნად“ – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.