კვლევა: Pfizer-ის ვაქცინის სამი დოზით აცრას „ომიკრონის“ განეიტრალება შეუძლია

კომპანიებმა Pfizer-მა და Biontech-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინის სამდოზიან კურსს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ ვაქცინის სამდოზიან კურსს ახალი შტამის მიმართ დაცვის ისეთივე შესაძლებლობა აქვს, როგორიც ორდოზიან კურსს კორონავირუსის სხვა ვარიანტების წინააღმდეგ. ამასთან, კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კორონავირუსის ახალი შტამის გართულებებისგან მაინც იქნებიან დაცულები.

კომპანიებმა ასევე განაცხადეს, რომ ახალ შტამზე მორგებული ვაქცინის წარმოებას 2022 წლის მარტში შეძლებენ.