Europetime-თან კომენტარში აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერი აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებზე საუბრობს. ინტერვიუს თემა ასევე იყო რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლებიც საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება. საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები ღრმავდება, უმჯობესდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 1 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
რაც შეეხება რუსეთს და მისგან მომდინარე საფრთხეებს, საელჩოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ სიფხიზლე, რათა მოხდეს დეზინფორმაციის იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია/რეაგირება, რომ მან მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.
ET: რა პერსპექტივა აქვს ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებას, რაზეა დამოკიდებული მისი განხორციელება?
საელჩოს პრესსპიკერი: აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები ღრმავდება და უმჯობესდება. გასულ წელს, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისი მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან.
ET: საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები. ასევე დეზინფორმაცია, რომელთანაც გამკლავება სულ უფრო და უფრო რთული ხდება... ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარების ხელშესაწყობად ბევრი აქვს გაკეთებული...რას გვეტყოდით ამის შესახებ, როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა კიდევ უფრო ეფექტიანად ამ საფრთხეებს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად?
საელჩოს პრესსპიკერი: დეზინფორმაცია პრობლემაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ქვეყნებმა სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებისთვის, კლასიფიკაციისთვის და მასზე რეაგირებისთვის, რომ მან მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.
ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი, პლურალისტური მედია. მთავრობამ ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა დაიცვას ჟურნალისტები, როგორც ფიზიკურად, ისე მედიასივრცეში, რომ მათ საზოგადოების ზუსტი, ობიექტური ინფორმირება და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების კონტროლი შეძლონ.