კელი დეგნანი: საქართველო და აშშ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან

საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP) GDDEI უკვე ოფიციალურად შეცვლის.

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი თავდაცვის სამინისტროში დაესწრო თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შეჯამებას.

„ეს იყო კარგი შესაძლებლობა, გვესაუბრა ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ და განგვეხილა სამომავლო თანამშრომლობის სფეროები, რადგან საქართველო და აშშ გადადიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივას ვუწოდებთ.

მოვისმინეთ შესანიშნავი ბრიფინგები თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა: მზადყოფნა, ლოგისტიკა, პერსონალის მართვა და რეკრუტირება. საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის შედეგად ამ ოთხი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს. შესანიშნავია, როდესაც ვხედავთ იმ პროგრესს, რომელსაც თავდაცვის ძალებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელების შედეგად მიაღწია. მომავალი წლების განმავლობაშიც მოუთმენლად ველით ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელებას თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებთან“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

შეგახსენებთ, აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტისას გასაჯაროებული ახალი ინიციატივით დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ: ლოიდ ოსტინი: დღეს მაქვს პატივი, გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა

ინფორმაციითვის: GDRP-ის პროგრამა ამ წლის ბოლოს დასრულდება. GDRP-ის ჩაანაცვლებს GDDEI პროგრამა, რომელიც არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია.

GDDEI, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ ოქტომბერში გამოაცხადეს, შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შემდგომი მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, რაც უსაფრთხოების საერთო ინტერესს უწყობს ხელს.

„GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება სულ 9 ბატალიონმა გაიარა. ქვედანაყოფებმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარეს.

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული ისტორიული ინიციატივაა, რომელმაც ქართული ჯარის მომზადების დონე სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას“, - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.