ბოლო პერიოდის განმავლობაში, პანდემია გარდამტეხ ფაზაში შევიდა - ვირუსის მეორე ტალღის პარალელურად, მსოფლიო მედიცინამ მოკლე დროში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა და სამი იმედის მომცემი ვაქცინა შექმნა. Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინებმა 95%-მდე ეფექტიანობა აჩვენეს და შედეგად, კორონავირუსის დამარცხებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინეს. მათ კვალდაკვალ მისდევს ოქსფორდის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობა 70%-ია.
როდის დაიწყება ვაქცინაცია
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის შექმნილი ვაქცინის გამოყენება დაიწყო.
როდის დაიწყება ვაქცინაცია სხვა ქვეყნებში
აშშ-ში ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყება - Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უკვე დაამტკიცეს. წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ უკვე 2.8 მლრდ-ს გადააჭარბა. ევროკავშირს 700 მლნ დოზა ვაქცინის მიღება სურს - 300 მლნ Pfizer-ის და 400 მლნ ოქსფორდის.
700 მლნ ვაქცინა აქვს შეკვეთილი შეერთებულ შტატებსაც, ინდოეთს 500 მლნ, იაპონიას - 290 მლნ. ინდონეზიასა და ბრაზილიას 100-100 მლნ. ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ბრიტანეთში, კანადასა და ავსტრალიაში შეკვეთილი ვაქცინების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს. სხვა ქვეყნებში ზოგ შემთხვევაში 20%-ს ჩამორჩება.
როდის დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში
ბოლო ცნობებით ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. მანამდე კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ისეთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული მომწოდებელთან, რომ შეუძლია ჯანმოს მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინიდან ერთ-ერთი შეარჩიოს. საქართველოს 4 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი ვაქცინის მილიონ 400 ათასი დოზის შესაძენად. „ჩვენ არ ვიცით, ჯერ რომელი იქნება… შემოტანის დრო უნდა იყოს მარტი-აპრილი, ახლა ჩვენ ვმუშაობთ დანერგვის გეგმაზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
Pfizer-ი და Moderna კვლევებს კვლავ განაგრძობენ, რათა უფრო მეტი მონაცემი შეაგროვონ. ლიცენზიის მინიჭების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს იმასთან დაკავშირებით, თუ პირველად ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შესაძლებელია, ვაქცინების განაწილების პროცესი წლის ბოლოს დაიწყოს.