საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერთან დაპირსპირების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გაგრძელდება.
„არ შეიძლება, პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადაითარგმნოს, როგორც სკანდალი ან დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, პასუხი არის მხოლოდ ერთი, დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა, პოლიტსაბჭოში ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, ისევ გვექნება თანამშრომლობა და ამას საზოგადოება მომავალშიც დაინახავს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება გადადგომის მიზეზს, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
„მეგონა, საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც გუშინ, პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა მაინც დარჩა ღია კითხვები, რაც შემდგომ სკანდალის საფუძველი გახდა. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ახლა ვეძებოთ სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე დიდი ხანია, ვფიქრობდი, ვინაიდან ვთვლი, რომ როდესაც ერთი ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე, ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებები. თუმცა გამომდინარე პანდემიიდან, ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების მიტოვება და მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება მის შემცვლელს, თვლის, რომ „პრემიერ-მინისტრი აარჩევს შესაფერის კანდიდატს, რომელიც ამ პროცესს ღირსეულად წარუძღვება“.
„ის თავად ისაუბრებს ამის შესახებ. მე ჩემი პოზიციიდან ჩემს მომავალ კოლეგას ყველანაირად მხარში დავუდგები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი 9 დეკემბერს გადადგა.
ჯადაცვის მინისტრის მოვალეობას ეკატერინე ტიკარაძე თვის ბოლომდე შეასრულებს