ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) მკვლევრებმა გამოავლინეს უნიკალური მოლეკულური სიგნალები, რომლებიც სხეულის დანარჩენი ნაწილიდან იგზავნება ვარჯიშის დროს და რეალურად აღწევს ჩვენს ტვინსა და თვალებში. ჯგუფის წინასწარმა კვლევამ ბადურაზე ვარჯიშის სარგებლის შესახებ, რამდენიმე „პერსპექტიული“ შედეგი გამოავლინა.
ასოცირებული პროფესორი რიკარდო ნატოლი, ამბობს, რომ შესაძლებელია მოლეკულების პოტენციურად ხელახალი კოდირება/ტაბლეტებში გამოყენება და მიღება ვიტამინის სახით.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად კუნთებსა და ბადურას შორის კომუნიკაციის უნარი იკარგება. დანამატების მიღების მსგავსად, შესაძლოა, ჩვენ მივაწოდოთ გენეტიკური ან მოლეკულური დანამატები, რაც საშუალებას მისცემს ამ ბუნებრივ ბიოლოგიურ პროცესს, გაგრძელდეს ასაკის მატებასთან ერთად. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, რას აწვდიან ეს მოლეკულები სხეულს და როგორ ურთიერთობენ ისინი“, - ამბობს რიკარდო ნატოლი.
მისი კოლეგა, ჯოშუა ჩუ-ტანი მიუთითებს ალცჰაიმერით და პარკინსონით დაავადებულთათვის სარგებელზე.
„ვიცით, რომ ვარჯიში კარგია ჩვენი მხედველობისთვის, მაგრამ ჩვენი მიზანია, გავიგოთ ვარჯიშის სარგებელი მოლეკულურ დონეზე და რამდენად სასარგებლოა ის ცენტრალური ნერვული სისტემისთვის და ბადურისთვის. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვარჯიშის სარგებელი ბევრად აღემატება იმას, რაც აქამდე იყო ცნობილი, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა ხდება სხეულში ვარჯიშის შემდეგ და რატომ არის ფიზიკური აქტივობა ასე კარგი ჩვენი ტვინისა და თვალებისთვის. ერთ მშვენიერ დღეს, ფუტურისტულ თერაპიას შეუძლია, დაეხმაროს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი. ამასთან, დაეხმაროს დაავადების პროგრესირების შენელებას“, - ამბობს მკვლევარი ჯოშუა ჩუ-ტანი.