აშშ უკრაინას სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრების გასაძლიერებლად $20 მილიონს გამოუყოფს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო მონაკვეთების გაძლიერების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უკრაინა აშშ-ისგან 20 მილიონ ამერიკული დოლარის დახმარებას მიიღებს.

პროექტი დაიწყება 2022 წლის იანვარში და იგი უკრაინელი მესაზღვრეებისათვის სხვადასხვა სახის აღჭურვილობის მათ შორის უპილოტო საავიაციო სისტემების, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიდეო-თვალთვალის მოწყობილობის მიწოდებას ითვალისწინებს.

ამ დახმარების კომენტირების დროს, უკრაინაში აშშ-ის საელჩოში სამართალდაცვითი საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა, სარა ლანგელკომპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ტექნიკური დახმარება გამიზნულია უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოქმედი ქვედანაყოფების უნარების ასამაღლებლად, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ დასახული ამოცანების შესრულება და ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ოქტომბერში უკრაინას გადასცა 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა. ამის შესახებ ლაპარაკია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ანტონ სემელროთის ცნობაში, რომელიც მან სააგენტო ტასს გაუგზავნა შეკითხვის საპასუხოდ.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, „ჯაველინები“ კიევს გადაეცა უკრაინის 60 მილიონ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომლის შესახებაც აშშ-მა სექტემბერში გამოაცხადა. მთლიანობაში აშშ-მა უკრაინას 2021 წელს 450 მილიონი დოლარი გამოუყო „უსაფრთხოების ამოცანების უზრუნველსაყოფად“.