სერგეი რიაბკოვი: NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება

NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური მაშინ, როდესაც NATO-ს პოლიტიკა ამ პოსტულატს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

„ამიტომ NATO-ს შემდგომი გაფართოება არ უნდა მოხდეს. მცდელობა, წარმოაჩინონ საკითხი ისე, თითქოს რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს, ეს არის მცდელობები შეუფერებელი საშუალებებით. ჩვენ დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე. თუ ოპონენტები წინააღმდეგი იქნებიან, დაინახავენ, რომ მათი უსაფრთხოება არ გაძლიერდება – შედეგები მათთვის მძიმე იქნება“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან“.