უკრაინამ პენტაგონისგან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა მიიღო

"უკრაინამ პენტაგონისგან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა მიიღო", - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა.

„ეს ტვირთი უკრაინას 23 ოქტომბერს გადაეცა. აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარების ფარგლებში 2021 წელს 450 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ერთგულებას უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერით შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ანტონ სემელროთის მიერ რადიო თავისუფლებისათვის გამოგზავნილ წერილში.

მანამდე პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, უკრაინამ პენტაგონისგან მიიღო 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა.

"ჯაველინების“ უკანასკნელი პარტია უკრაინას ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარების გამწვავებამდე გადაეცა.