შვედეთის ნაპირებთან ორი სატვირთო გემი შეეჯახა ერთმანეთს, ორი ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული

ბალტიის ზღვაში, შვედეთის ნაპირებთან, ორი სატვირთო გემი შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი გადაბრუნდა და ტივტივებს. ინციდენტი მოხდა შვედეთის ქალაქ ისტადსა და დანიის კუნძულ ბორნჰოლმს შორის მდებარე აკვატორიაში.

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი გემი დანიას ეკუთვნის, მეორე ბრიტანეთის დროშით ცურავს.

შეტაკების შედეგად ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. როგორც ჩანს, ისინი წყალში ჩაცვივდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები იმყოფებიან გადაბრუნებულ გემში. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობენ შვედეთისა და დანიის მაშველები.

შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციამ ბრიტანეთის გემისგან მიიღო შეტაკების შესახებ სიგნალი. ეკიპაჟის წევრთა თქმით, მათ წყლიდან ყვირილის ხმები მოესმათ. გემიდან რეზინის ნავი ჩაუშვეს წყალზე, მაგრამ ვერავინ იპოვეს.

დანიის გემი შვედეთიდან მიემართებოდა დანიის სამხრეთში მდებარე პორტში. ის ცარიელი იყო. შეტაკების შედეგად არ მომხდარა ზღვის დაბინძურება. გემზე მინიმუმ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ბრიტანული გემი ლიეტუვიდან შოტლანდიისკენ მიემართებოდა.