ბრიტანეთში, „ომიკრონით“ სავარაუდოდ, ყოველდღიურად 200 000 ადამიანი ინფიცირდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამით „ომიკრონით“, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ყოველდღიურად დაახლოებით 200 000 ადამიანი ინფიცირდება. BBC-ის ცნობით, ეს არის არა ოფიციალური სტატისტიკა, არამედ მეცნიერულ მოდელირებაზე დაფუძნებული ციფრები.

ჯერჯერობით ბრიტანეთში დადგენილია „ომიკრონით“ დაავადების 5000 შემთხვევა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად მატულობს და ყოველ ორ-სამ დღეში დაახლოებით ორმაგდება. დღესდღეობით ლონდონში კორონავირუსის ინფექციით დაავადებულთა 44 %-ში სწორედ „ომიკრონი“ გამოვლინდა და მოელიან, რომ უახლოეს დღეებში კორონავირუსის ახალი შტამი კიდე უფრო გაბატონდება ბრიტანეთის დედაქალაქში.

ცნობისთვის, 13 დეკემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას „ომიკრონით“ პირველი პაციენტის გარდაცვალების შესახებ აუწყა.