იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები მოჰყვება

ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრაზე უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზების საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, საზღვართან მზადყოფნის რეჟიმში მყოფი ათი ათასობით ჯარისკაცის, ტანკების, არტილერიის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ჯავშანტრანსპორტების მობილიზება სამხედრო ძალის ზრდის შეჩერების ან შემცირების ნიშანს არ იძლევა.

„რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები და მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მან მოსკოვთან დიალოგის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.