იაპონიის ქალაქ ოსაკის ცენტრში მასშტაბური ხანძარია

იაპონიის ქალაქ ოსაკის ცენტრში მდებარე ბიზნესკვარტალში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

არსებული ცნობებით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეოთხე სართულზე, ადგილობრივი დროით 10:20 საათზე (თბილისის დროით 05:20 საათზე) გაჩნდა, რის შემდეგაც დაშავდა 28 ადამიანი. მათგან 27-ს აღენიშნებოდა გულისა და სუნთქვის გაჩერება. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში სიცოცხლის ნიშნების გარეშე გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, შენობის იმ სართულზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, განთავსებული იყო კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც ზოგად სამედიცინო, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას.

ხანძრის გამომწვევი დაზუსტებული მიზეზი ჯერ უცნობია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ერთ-ერთი მამაკაცის ხელში არსებული საქაღალდიდან სითხის დაღვრამ გამოიწვია.