საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ საუბარი რაღაც გავლენის სფეროებზე, რომელზეც საუბარია მოსკოვის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, მიუღებელია.
„ნარატივი, რომელსაც ავრცელებენ, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს მისი უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები და ალიანსები, არის ორმაგი სტანდარტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგანაც ისინი თავად არიან ხელმომწერნი იმავე პარიზის ქარტიის, ჰელსინკის ქარტიის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები.
ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და ამიტომ საუბარი რაღაც გავლენის სფეროებზე, მიუღებელია. ვციტირებ NATO-ს გენერალურ მდივანს , რომ „გავლენის სფეროები - ეს არის ისტორია, ჩაბარდა წარსულს და მისი განმეორება არ მოხდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა ხელშეკრულებების ორი პროექტი, რომელიც NATO-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი NATO-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხვას ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე იმყოფებოდა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე. შეთანხმების პროექტის მეორე ტექსტში რუსეთი აშშ-სგან ითხოვს, რომ არ განათავსოს შეიარაღება და სამხედრო ძალები იმ რაიონებში, სადაც მეორე მხარის მიერ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნება აღქმული.
მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა
NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ