ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთს მოუწოდა, შობის წინა დღეს ჯარები გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან და ამით რეგიონში დაძაბულობა შეამციროს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოფიციალურ მოსკოვს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის მშვიდობიანი დასვენების პერიოდი.
„დიდი ოდენობით ძალების თავმოყრა ხდება და ამ მოქმედების შეჩერების ან შენელების ნიშნები არ არის. მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთ კრემლთან ნატო-რუსეთის საბჭოს ეგიდით, თუმცა ძირითად პრინციპზე კომპრომისზე არ წავალთ. ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ NATO-ს უფლება, დაიცვას თავი და ყველა მოკავშირე. აგრეთვე ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ყველა ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ეს ასევე ეხება პატარა ერების სუვერენიტეტის პატივისცემას.
„იდეა, რომ ისეთ დიდ ძალას, როგორიც რუსეთია, შეუძლია, გადაწყვიტოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ პატარა მეზობლებმა, არის გავლენის სფეროების ცნების ხელახალი დანერგვა. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას ეხება „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.