ეკატერინე ტიკარაძე პანდემიის მართვაზე: ნამდვილად არავინ გვინდობდა. რატომღაც ველოდი, რომ ყველა, საზოგადოებაც მათ შორის, იქნებოდა გაცილებით უფრო პარტნიორული

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 26 დეკემბერს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა, რომლის ნაწილიც პანდემიის მართვას შეეხებოდა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „საქართველოში კორონავირუსის მართვის პირველი გამოწვევა იყო მზაობა. რამდენად დროულად მოემზადა, თუ არ მოემზადა უწყება. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ აქ საზოგადოებისგან პარტნიორულ ურთიერთობებს ელოდა.

„ნამდვილად არავინ გვინდობდა. თუმცა ახლა უკვე მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის რატომღაც ის იყო, რომ ყველა, საზოგადოებაც მათ შორის, იქნებოდა გაცილებით უფრო დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავდით, ვინაიდან სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი და ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, არც ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო მსხვერპლი.

ბატონი თენგიზი არ არის სამინისტროს თანამშრომელი მაგრამ ყველაზე მეტად ბატონი თენგიზი იყოს სამინისტროს თანამშრომელი, ვინაიდან მთელი ამ პანდემიის პერიოდში ის არის იმ დროშის მატარებელი, რასაც პაციენტის დაცვა ჰქვია და არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს, არც მის კვალიფიკაციას და იცით, თუ რა გვაქვს გამოვლილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ისიც აღნიშნა, რომ უჭირდა საველე ჰოსპიტალის გახსნის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა საბოლოოდ დადებითად შეაფასა მისი ფუნქციონირება, იქიდან გამომდინარე, რომ საველე ჰოსპიტალების ყველა საწოლი აღჭურვილი იყო ჟანგბადით და ის იყო არამხოლოდ პაციენტების დაყოვნების ადგილი, არამედ სრული სამედიცინო დახმარების გაწევის სივრცეც.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე გაიხსენა, როგორი რთული იყო ოჯახის ექიმების დარწმუნება იმაში, რომ გადამზადების შემდეგ შეძლებდნენ კოვიდპაციენტების მართვას.

მისივე შეფასებით, ექიმების გადამზადება, რომელიც დაახლოებით მედიკოსების 75%-მა გაიარა პანდემიისას, ეფექტური აღმოჩნდა.

„ჩვენ ვთვლით, რომ კოვიდის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს აქვს სისტემური პასუხი. მრავალფუნქციური, მრავალდონიანი, სისტემური პასუხი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ექიმი არ გაიხდის თეთრ ხალათს და არ მიატოვებს პაციენტს საწოლთან ყურადღების გარეშე, თუმცა ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ლეტალობის არსებული მაჩვენებელი, რეალურად, დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რაც ყველას გვაწუხებს და ვთვლით, რომ ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი უნდა გახდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო და რთული ტალღები მართა.

ამავე თემაზე:

კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 69 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა