თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.
მისი თქმით, თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი და სომხეთი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის ზუსტ თარიღს სატელეფონო საუბარში შეათანხმებენ.
„მხარეთა წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. პირველი შეხვედრის ჩატარებამდე ჩვენ პირდაპირი კონტაქტების განხორციელება გვინდა. აუცილებელია საგზაო რუკის დადგენა პირდაპირი კონტაქტით, მათ შორის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებით იმის თაობაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სომხეთს ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი აქვს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის თარიღი ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული. „განიხილება მოსკოვში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა უნანიანმა.
მანამდე, სომხეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმაც.