პენიტენციური სამსახური: სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაჰყავდათ, თუმცა „ექსპრეზიდენტი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას“.

უწყების განცხადებით, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. თუმცა „აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე“.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია განცხადებაში.

28 დეკემბერს, გვიან ღამით, ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით წერილში განმარტა, რომ „ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი და ვიდეოზე დაფიქსირებულია მისი მძიმე მდგომარეობა.

ამავე თემაზე:

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია