2021 წლის 10 მნიშვნელოვანი ვიზიტი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინა

ექსპერტების შეფასებით, 2021 წელს გლობალური უსაფრთხოების კონცეფციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო, რაც გარკვეულწილად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკით და სხვა გლობალური ფაქტორებით იყო განპირობებული. მსოფლიო უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესი კი ნაწილობრივ საქართველოზეც აისახა კონკრეტული მაღალი რანგის ვიზიტებით, ახალი ინიციატივებით, სამიტებზე მიღებული დეკლარაციებით და გადაწყვეტილებებით.

Europetime წარმოგიდგენთ 2021 წლის 10 მნიშვნელოვან ვიზიტს და პოლიტიკურ მოვლენას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

1. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“

2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

როგორც Europetime-ს საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა,, მამუკა ჟღენტმა განუცხადა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პირწმინდად წააგო ეს საქმე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, ​კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. ეს ეხება არამხოლოდ 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ მითითებულია, რომ მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლებები დაარღვია სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ჯერ კიდევ 7 აგვისტოს. სასამართლომ ასევე ცნო რუსეთი კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის დამრღვევად, რაც ეხება საკუთრების უფლების დარღვევას,

„სიამაყეა, ტკივილია, სიხარულია, ემოციებია, სამართლიანობის განცდაა“, - Europetime-თან საუბრისას, ასე შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის,უშანგი სოფრომაძის მეუღლემ, თეა ტაბატაძემ.

„დიახ რუსეთი ნამდვილად დამნაშავეა! ჩემთვის დიდი ტკივილია, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი გმირების დაღვრილმა სისხლმა უკვალოდ არ ჩაიარა და სამართალმა იზეიმა“, - განუცხადა Europetime-ს გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ.

2. აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში - აშშ-ის და NATO-ს მიერ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად გამოცხადება

ოქტომბერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს, როგორც საექსპერტო წრეებში, ისე მთავრობაში ისტორიული ვიზიტი უწოდეს. ოსტინის მაღალი რანგის გარდა, ვიზიტის ისტორიულობას განაპირობებდა რეგიონული ტურნეს მთავარი თემა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი ამერიკის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაფორმდა ახალი მემორანდუმი. ლოიდ ოსტინმა ქართულ მხარესთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც პენტაგონი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი შესაძლებლობების შექმნაში უნდა დაეხმაროს.

ვიზიტის შემდეგ კი ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინას, ასევე საქართველოს რუსული აგრესიის საპასუხოდ.

„საქართველო ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონია. აქ ვარ იმისთვის, რომ დავარწმუნო საქართველო და მსოფლიო ჩვენს შესანიშნავ ურთიერთობებში. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, რომელიც საქართველოდან უკრაინასა და რუმინეთში გაემგზავრა, იქიდან კი პირდაპირ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება იყო.

პენტაგონის უფროსის აღნიშნული ტურნეს შემდეგ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, აშშ-მ და NATo-მ კონკრეტული აქტივობები დაიწყეს.

ლოიდ ოსტინის გარდა, ისტორიის მანძილზე საქართველოს აშშ-ის თავდაცვის ორი მდივანი სტუმრობდა . პირველად თბილისს, 2001 წელს, დონალდ რამსფელდი ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

მეორე აშშ-ის თავდაცვის მდივანი, რომელიც საქართველოს ეწვია ჩაკ ჰეგელი იყო, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან.

3. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში და მისი პირადი ჩართულობა საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად

ქართულ საექსპერტო წრეებში ასევე ისტორიულ მოვლენად და ევროკავშირის საქართველოსადმი განსაკუთრებულ ინტერესად შეფასდა ევროკავშირის პირველი პირის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი. აღსანიშნავია რომ 2021 წელს შარლ მიშელი საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხების განსახილველად, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი გადაჭრის მიზნით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს პირველად 28 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის ფუნქცია იკისრა. მედიაციის პროცესში ევროკავშირმა 5 პუნქტიანი დოკუმენტი შეადგინა, რომელიც ოპოზიციას და ხელისუფლებას შეთანხმების შესაძლებლობას მისცემდა.

პარალელურად აშშ-დან და ევროპარლამენტიდან არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის გარე ძალებიდან გამწვავების შესახებ.

შარლ მიშელის და მისი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის პირადი ჩართულობით, საბოლოოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება გაფორმდა. ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, ხელისუფლებამ კი რეფორმების განხორციელების ვალდებულება აიღო, ასევე ხელი მოაწერა თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტიანი ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მეორედ საქართველოს აპრილში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მემორანდუმის გაფორმების მეორე დღეს ეწვია. ხელმოწერის ცერემონიალს კი ონლაინ რეჟიმში ჩაერთო.

ივლისში ხელისუფლებამ უარი თქვა 43%-იანი ბარიერის პუნქტის შესრულებაზე და შარლ მიშელის შეთანხმება დაარღვია. თუმცა თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ანი ბარიერი გადალახა

ივლისის თვეში, შარლ მიშელი საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო, უკრაინა, მოლდოვას თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

4. აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საქართველოს უკრაინის და მოლდოვას საერთო მემორანდუმის და დეკლარაციის გაფორმება

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი 17 მაისს, კიევში გააფორმეს. 19 ივლისს კი, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტებმა პეტრას ციხეზე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა.

მემორანდუმის გაფორმებამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პირველად, ინიციატივა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსსმა Europetime-თან საუბარში ექსკლუზიურად გააჟღერა.

კუბილიუსის ინტერვიუს ქართველი ექსპერტები გამოეხმაურნენ და მის ინიციატივას დადებითი რეზონანსი მოჰყვა.

როგორც Europetime-ს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, თავის დროზე სწორედ ასე მოიქცნენ ვიშეგრადის ქვეყნები: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. მისი თქმით, ევროინტეგრაციის მათი ერთიანი სამოქმედო გეგმა გახდა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რამაც ევროკავშირში ამ ოთხი ქვეყნის წარმატებით გაწევრიანება განაპირობა. ოთხივე ქვეყანა, არამხოლოდ დეკლარირებდა, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობებს აფუძნებდა ევროკავშირის თანამშრომლობით პრინციპებზე.

5. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ რიკერის ვიზიტი საქართველოში

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ის ხელისფლებაში, 2021 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირველი ვიზიტი განხორციელდა საქართველოში. NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებზე რიკერმა საჭირო რეფორმებსა და შიდა დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ისაუბრა NATO-ს 2021 წლის სამიტზე განსახილველი საკითხებზე, რუსეთის აგრესიის შეჩერების გეგმებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„მიუხედავად კოვიდით გამოწვეული მდგომარეობისა, ნატო-მ გასულ წელს მიიღო ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც მას შეუერთდა. ამ სამიტზე განხილული იქნება, ნატოს სამოქმედო გეგმა და გეგმები მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ასევე ის გამოწვევები, რომელიც ნატოს წინაშე დღესდღეობით არსებობს, იქნება ეს ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე, იქნება ჩინეთის საკითხი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სამიტი იქნება და განიხილება ის საკითხები, რაც ემსახურება ნატოს კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

6. NATO-ს სამიტი

2021 წლის NATO-ს სამიტზე , ალიანსის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით, მიწვეული იყო საქარველოც. სამიტის ფორუმს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

ექსპერტთა ნაწილის შფასებით, იქიდან გამომდინარე რომ 2021 წლის 14 ივნისის NATO-ს სამიტი თემა გაფართოება არ ყოფილა, საქართველომ აღნიშნული სამიტიდან იმის მაქსიმუმი მიიღო, რისი მიღებაც ამ სამიტიდან შეიძლებოდა.

14 ივნისის სამიტზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია განახლდა, სადაც სტრატეგიულ ინტერესად შავი ზღვის რეგიონი ჩაიწერა, აღნიშნული რეგიონის ქვეყნად კი საქართველოც მოიაზრება.

NATO-ს კონცეფცია 10 წელიწადში ერთხელ ახლდება და 10 წლიან პერსპექტივაში ალიანსის ძირითად სტრატეგიულ ამოცანებს განსაზღვრავს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) ასოცირებული პროფესორის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა არა მხოლოდ NATO-ს კომუნიკაშია საქართველოზე ლაპარაკი, არამედ სტრატეგიული კონცეფციაშიც.

„ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულმა კონცეფციამ დაადასტურა NATO-ს მზადყოფნა, რომ მას სურს გაფართოვდეს და შავი ზღვის რეგიონი იყოს დაცული. ამიტომ ამ კონკრეტული სამიტიდან, ამ მინი, სამსაათიანი სამიტიდან ეს იყო მაქსიმუმი, რისი წამოღებაც შეიძლებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელი უნდა დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა“, - განმარტა თენგიზ ფხალაძემ.

7. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და ერდოღანის 3+3 ფორმატის ინიციატივა

2021 წლის 28 იანვარს ტურნეს ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია. საქართველოს გარდა ირანის პირველი დიპლომატი აზერბაიჯანს, სომხეთს და რუსეთს სტუმრობდა. აზერბაიჯანში ვიზიტისას, მან მედიას განუცხადა, რომ ტურნეს ერთ-ერთი მთავარი თემა 3+3 ფორმატის განხილვა იყო. ე.წ ექვსთა კავშირი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ინიცირებულია და თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კავშირს გულისხმობს. თურქეთს მხარს უჭერს აზერბაიჯანიც. ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივა 2020 წლის ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ გაჟღერდა. 2021 წელს საქართველოს ეწვივნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი. აზერბაიჯანში კი საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით.

3+3 ფორმატის ინიციატივის განხილვის დაწყების შემდეგ, სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი დაიწყო. ახალი ალიანსის იდეის მიმართ, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანამ ინტერესი გამოხატა. ექვსი ქვეყნის ასეთი კავშირით განსაკუთრებით დაინტერესებულია რუსეთი.

აღნიშნულ ინიციატივას ქართულ საექსპერტო წრეებში კრიტიკულად შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ოკუპანტ რუსეთთან ერთად ნებისმიერ ალიანსში საქართველოს ყოფნა პოლიტიკურად წამგებიანი და მიუღებელია.

ქართული საექსპერტო წრეების მოსაზრებას იზიარებენ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებიც. საქართველოში ვიზიტისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 3+3 ფორმატზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ვიდრე კრემლი რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას.

10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის ნაცვლად, 3+2 ფორმატში შეხვედრა შედგა, რადგან საქართველო არ დაესწრო. მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშა მაინც აღმართეს.

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, - განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი იმედოვნებს რომ 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრას საქართველოც დაესწრება.

„მოსკოვში „3+2“ პლატფორმის შეხვედრა, რომელიც გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. საქართველო არ დაესწრო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაესწრება შემდეგ შეხვედრას, რომელიც, როგორც ვვარაუდობთ, თურქეთში გაიმართება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

3+3 ფორმატთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან კომენტარი გააკეთა.

„მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთად იმუშაონ სადავო საკითხების გადასაჭრელად და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. მაშინ, როდესაც გარე აქტორებს შეუძლიათ, პროდუქტიული როლის შესრულებით დაუჭირონ მხარი ამგვარ ძალისხმევას, რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის შექმნა მათ არ უნდა სცადონ“, - აღნიშნულია ტექსტში, რომელიც Europetime-მა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის სახელით მიიღო.

3+3 ფორმატთან დაკავშირებით Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. .

„სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატზე წინადადების შესახებ ცნობები და განცხადებები ევროკავშირისთვის ცნობილია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს და აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში“, - განუცხადა Europetime-ს პიტერ სტანომ.

8. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მე-6 სამიტი 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. სამიტს საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა.

სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა პოლიტიკური დეკლარაცია მიიღეს. შედეგად განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას. დეკლარაციის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის ახალი, 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო გეგმა განხორციელდება. საქართველოსთვის ეს გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით.

განხორციელდება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც მოქალაქეებისთვის ხელშესახები იქნება. მათ შორისაა ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერასმუს პლუსისა“ და „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის. თუმცა ბელორუსი აღმოსავლეთ პარტნირობის პროცესს გამოეთიშა.

9. სამხრეთ კავკასიაში NATO-ს ახალი წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში

2021 წელს, სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, აღნიშნულ პოსტზე ხავიერ კოლომინა დაინიშნა.

ხავიერ კოლომინა საქართველოს ოქტომრბის თვეში ეწვია

„შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. NATO ავითარებს შეკავების პოლიტიკას და მხარს უჭერს ალიანსის სამ მოკავშირეს, რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს. ასევე, აქტიური ჩართულობა გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან. მხარს ვუჭერთ თავდაცვის სფეროში რეფორმის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევას, სანაპირო დაცვას წვრთნების ჩათვლით, რაც სფეციფიკური მაგალითია, როგორ ვთანამშრომლოთ ბოლო წლების განმავლობაში.

საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია NATO-სთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მაქსიმალურად ვეხმარებით საქართველოს, რუსეთის ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით.

NATO ხედავს არსებულ გამოწვევებს. რეგიონში არსებული გამოწვევების უმრავლესობის უკან რუსეთი დგას. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძალისხმევის ზრდა თავდაცვისა და შეკავების სფეროში. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აქვს NATO-ს, რომ უპასუხოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ეს თავდაცვითი ძალისხმევაა, რომელიც გვჭირდება რეაგირებისთვის, მზადყოფნისთვის“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

10. საქართველოსა და ვატიკანს შორის პირველი ისტორიული თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო - ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს.