იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გასული წელი Europetime-თან შეაჯამა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის 2021 წელს უფრო მეტი შანსი გაჩნდა პაციენტის გადარჩენის.
ივანე ჩხაიძის აზრით, 2022 წელს უფრო ახლოს ვიქნებით პანდემიის დასასრულთან.
„2021 წელი ძალიან მძიმე იყო საქართველოსთვის, ჩვენ გვქონდა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა, გვქონდა ძალიან მძიმე მეოთხე ტალღა შემთხვევების რაოდენობის, ჰოსპიტალიზაციის, გარდაცვალების მხრივ. ახლა ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება მეხუთე ტალღა.
ასე რომ, განსხვავებით 2020 წლისგან, სადაც კარგი მაჩვენებელი გვქონდა 5-6 თვის განმავლობაში და საქართველო ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა იყო, ნოემბერ-დეკემბერში სერიოზული მეორე ტალღა დაფიქსირდა, მაგრამ 2020 წელი ამ მხრივ ცოტათი განსხვავდებოდა 2021-სგან. 2021 წელი იყო ყველაზე მძიმე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
2020 წელს ჩვენ ფაქტობრივად შიშველი ხელებით ვებრძოდით კორონავირუსს. არ გვქონდა ეფექტური მედიკამენტი, ვაქცინა. ახლა ჩვენ გვაქვს კარგი ვაქცინები, ასევე გვაქვს პრეპარატების გარკვეული არჩევანი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მძიმე პაციენტების მართვაში.
2021 წელს უფრო მეტი შანსი გაჩნდა პაციენტის გადარჩენის და ის, რასაც ყველაზე მეტად ველოდებით, იქნება თუ არა 2022 პანდემიის ბოლო წელი - ჩვენ იმედი აქამდეც გვქონდა, რომ პანდენია დასრულდებოდა, მაგრამ კორონავირუსთან პროგნოზები როგორც ჩანს არ მართლდება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ 2022 წელს უფრო ახლოს ვიქნებით პანდემიის დასასრულთან, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ქვეყნები ორჯერადად ვაქცქინაციის 80%-ზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებენ და „ბუსტერ“ დოზებსაც აქტიურად იყენებენ.
ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა, რომ 2022 წლის ივნისისთვის მოვახერხოთ მოსახლეობის 70%-ის ორჯერადი ვაქცინაცია, რაც იქნება იმის გარანტია, რომ 2022 წელს ალბათ გამოვაცხადებთ, რომ საქართველომ მოახერხა პანდემიის კონტროლი. აქ არ არის საუბარი პანდემიის დასრულებაზე.
აქ არის ლაპარაკი კონტროლზე, იმ შესაძლებლობაზე, რომ ქვეყანამ შეამციროს ინფიცირებულების რაოდენობა და ერთეულამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი.
ეს არის ჩვენი საახალწლო სურვილი, რომ 2022 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის იყოს პანდემიის დასრულების წელი, დავასრულოთ ეს მართლაც კოშმარული სამი წელი, კაცობრიობის ბოლო ასწლეულის განმავლობაში ალბათ ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რადგან მშვიდობიანობის პერიოდში ასეთი რაოდენობის მსხვერპლი მსოფლიოში დიდი ხანია, არ ყოფილა. ამიტომ, ჩემი სურვილია, დავასრულოთ ეს კატასრტოფული გამოწვევა, ყველა თვალსაზრისით, ემოციური, ადამიანური, ეკონომიკური.
ბევრი რამ შეცვალა პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში. ხშირად ამბობენ ხოლმე, არასდროს იქნება მსოფლიო ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე. მე იმედი მაქვს, რომ ისევ აქტიურად ვიქნებით ჩართულნი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, დასრულდება ეს შეზღუდვები და საბოლოოს შეგვეძლება თქმა, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდა. ეს მიზანი უნდა გვქონდეს ყველას, ექიმს, სხვა პროფესიის ადმიანებს, დიდს, პატარას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ პანდემიის დასასრულს“, - განუცხადა Europetime-ს ივანე ჩხაიძემ.