აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„დღეს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის „ბუქარესტის ცხრიანის“ (B9) ჯგუფს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი სამხედრო აქტიურობა განიხილეს. მხარეებმა ასევე განიხილეს NATO-ს ერთიანი პოზიციის საჭიროება მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მიმართ.