უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკრაინაში ვიზიტის წინ ტელეფონით ესაუბრა. საუბრის თემა იყო რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინის საზღვარზე და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების ორი პროექტი, რომლებიც რუსეთმა შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს წარუდგინა.
ევროკავშირის ცნობით, უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ დაძაბულობის დეესკალაციისა და მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების აუცილებლობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას მძიმე შედეგები ექნება.
მათ ასევე განიხილეს 12 იანვრის NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის მომზადების საკითხი. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი დისკუსია უნდა ეფუძნებოდეს ეუთოს და გაეროს ვალდებულებებს.
უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი და NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან.
მოსკოვისა და NATO-ს წარმომადგენლები12 იანვარს შეხვდებიან, ხოლო რუსეთი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელშიც შედის შეერთებული შტატები, 13 იანვარს გამართავენ მოლაპარაკებებს.
ამავე თემაზე:
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში შეიკრიბებიან