ბორელი უკრაინას ეწვევა

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამ კვირის ბოლოს უკრაინას ეწვევა.

ევროკომისიის განცხადებით, ეს არის კიევის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირება მის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე.

ბორელის ვიზიტი უკრაინაში დაანონსდა მაშინ, როდესაც აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ორდღიან მოლაპარაკებებს ჟენევაში 9 იანვარს გამართავენ.

განსახილველ თემებს შორის არის ბირთვული იარაღის კონტროლი და დაძაბულობის ზრდა უკრაინის საზღვართან, რასაც დეკემბრის დასაწყისში, კრემლის მიერ ვაშინგტონის მიმართ წარდგენული რამდენიმე პირობა დაემატა.

ასევე წაიკითხეთ: NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

ჯო ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს