საგარეო უწყება: საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან

ყაზახეთში საქართველოს საკონსულომ საქართველოს 8 მოქალაქეს გაუწია დახმარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან.

ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის „ილორის“ ოთხმა წევრმა. მათგან ერთ-ერთმა, ბაჩანა მელაშვილმა 5 იანვარს Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დახმარებას ითხოვდა.

„საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე."მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით. როგორც მოგეხსენებათ, ყაზახეთში მიმდინარე მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქ ალმათის კომენდატურის ცნობით, ყაზახეთში ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის

BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ყაზახეთში მასობრივი არეულობების დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა.