მაკრონი და ფონ დერ ლაიენი ჩინეთის ლიდერს მოუწოდებენ, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს უკრაინაში ომის დასასრულებლად

საფრანგეთმა და ევროკომისიამ 6 მაისს ჩინეთის პრეზიდენტს განუცხადეს, რომ სურთ, სი ძინპინმა მოსკოვზე თავისი გავლენა გამოიყენოს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად და რომ ევროკავშირი არ შეასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას.


ჩინეთის ლიდერს ემანუელ მაკრონი მასპინძლობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია ევროპაში.

მაკრონმა პარიზში მოლაპარაკება გამართა სი ძინპინთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.

ჩინეთმა ბოლო წლებში რუსეთთან სავაჭრო და სამხედრო კავშირები გააღრმავა.


„იმედი გვაქვს ჩინეთი რუსეთზე მის მთელ გავლენას გამოიყენებს, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი," - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს.

მაკრონის თქმით, უკრაინის საკითხზე ჩინეთთან კოორდინაცია "აბსოლუტურად გადამწყვეტია."

შეგახსენებთ, პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის ქმედებები უკრაინაში. მას ხშირად მოუწოდებენ, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა, მოახდინოს მოსკოვზე ზეწოლა, რათა რუსეთმა უკრაინაში ომი დაასრულოს.