ყაზახეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, „წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს“ ათობით ადამიანი მოკლეს

ყაზახეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, რომ არეულობის დროს მთავარ ქალაქში, ალმათიში, წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს ათობით ადამიანი მოკლეს. უშიშროების ძალების 12 წევრი დაიღუპა და 353 დაშავდა.

5 იანვარს, პრეზიდენტმა თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პროტესტი თავდაპირველად საწვავის ფასების მატებამ გამოიწვია, მაგრამ გაფართოვდა და სხვა პოლიტიკური მოთხოვნებიც დაემატა. პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ არეულობა უცხოეთში გაწვრთნილი „ტერორისტული ბანდების“ მუშაობის შედეგი იყო.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ასევე მოიცავს ღამით კომენდანტის საათს და მასობრივი შეკრების აკრძალვას. მან პირობა დადო, რომ საპროტესტო აქციებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - იტყობინება BBC.

ასევე წაიკითხეთ: BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ

ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი სატელევიზიო გამოსვლისას დახმარებას სთხოვდა CSTO-ს - სამხედრო ალიანსს, რომელიც შედგება რუსეთისა და ხუთი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოსგან.

„მოგვიანებით, CSTO-ს თავმჯდომარემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა განცხადებით Facebook-ზე, რომ ალიანსი გაგზავნის სამშვიდობო ძალებს „შეზღუდული ვადით“.

პრეზიდენტი თოყაევი მხოლოდ მეორე ადამიანია, რომელიც ხელმძღვანელობს ყაზახეთს 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მისი არჩევა 2019 წელს დაგმო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), დემოკრატიული სტანდარტებისადმი პატივისცემის ნაკლებობის გამო.

თუმცა, ქუჩებში ბრაზის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, მისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევისკენ იყო მიმართული. პროტესტის მონაწილეებმა მისი ძეგლიც ჩამოაგდეს.

ყაზახეთის მთავარი აეროპორტის თანამშრომლებს ანტისამთავრობო დემონსტრანტებისგან გაქცევა მოუწიათ, რომლებიც ასევე დაესხნენ თავს სამთავრობო შენობებს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ალმათის მერის ოფისთან, სოციალურ მედიაში ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ შენობიდან კვამლი ამოდის, ასევე ისმის სროლის ხმა.

ქალაქის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ „ექსტრემისტები და რადიკალები“ ​​თავს დაესხნენ 500 მშვიდობიან მოქალაქეს და დაარბიეს ასობით ბიზნესი.

დასავლეთის ქალაქ აქტობეში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ძალები ზოგან მომიტინგეების მხარეს არიან.

თუმცა, მკაფიო სურათის მიღება იმის შესახებ, რა ხდება ცენტრალური აზიის ქვეყანაში, რთულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები უშიშროების ძალებს შორის დაღუპულთა შესახებ, მაგრამ არ გავრცელებულა ცნობები სხვა დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ მომიტინგეებს შორის“, - წერს BBC.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.