ლუკაშენკო ყაზახეთის მოქალაქეებს: დაიჩოქეთ და ბოდიში მოუხადეთ სამხედროებს

„მინდა, მივმართო მომიტინგეებს ბელარუსიელი ხალხის სახელით. უბრალოდ ვეტყოდი: თქვენ იხმაურეთ, იყვირეთ, ახლა საკმარისია, საჭიროა მოლაპარაკება", - ბელარისის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ამ სიტყვებით ყაზახეთის მოქალაქეებს მიმართავს.

„გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, მარტივად რომ ვთქვათ, მათ უნდა დაიჩოქონ და ბოდიში მოუხადონ სამხედროებს. შემდეგ აუცილებელია მაგიდასთან, მთავრობასთან და პრეზიდენტ ტოყაევთან ერთად დასხდომა", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მისი აზრით, ეს მოვლენები გაკვეთილი იყო ბელარუსისთვისაც.

„ვაცნობიერებთ, რომ ეს შეიძლებოდა ჩვენთანაც მომხდარიყო. საქმე ის არ არის, რომ ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ. ბელარუსიელები მაინც ვერ მოაგვარებდნენ პრობლემებს ბელარუსში", - განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მანამდე, მანიფესტაციების შედეგად, მთავრობა გადადგა.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, „წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს“ ათობით ადამიანი მოკლეს

ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის

საპროტესტო აქციები ყაზახეთში ოთხი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.