სერბეთის პრეზიდენტი: მთელი სერბეთი ნოვაკ ჯოკოვიჩის გვერდით დგას

"მთელი სერბეთი ჯოკოვიჩის გვერდით დგას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის შევიწროება დაუყოვნებლივ შეწყდეს", - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა ავსტრალია ნოვაკ ჯოკოვიჩისადმი არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა.

„ნოვაკ ჯოკოვიჩს ტელეფონით ვესაუბრე. მას ვუთხარი, რომ მთელი სერბეთი მის გვერდით დგას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის შევიწროება დაუყოვნებლივ შეწყდეს. საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შესაბამისად, სერბეთი ნოვაკის, სიმართლისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ნოვაკი ძლიერია, როგორც ყველამ ვიცით“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი არის სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში. ჯოკოვიჩს მოგებული აქვს 20 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის რეკორდული, 9 ავსტრალიის ღია პირველობა, 6 უიმბლდონი, 3 აშშ-ის ღია პირველობა და 2 საფრანგეთის ღია პირველობა.

ასევე წაიკითხეთ: ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას გეგმავს

ავსტრალიის პრემიერი ვაქცინაციისგან გათავისუფლებაზე ნოვაკ ჯოკოვიჩისგან მტკიცებულებას ელოდება