მედია ალმათიში სროლის შესახებ იუწყება. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა. 6 იანვარს რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო.
მანამდე სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის
სამხედროებმა რესპუბლიკის მოედნის დატოვება მოითხოვეს და ცეცხლის გახსნის შესახებ გააფრთხილეს.
თვითმხილველების თქმით, არიან დაჭრილებიც.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ალმათიდან იტყობინებიან, რომ უშიშროების ძალები, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებიდან, 6 იანვარს ცეცხლს უხსნიდნენ დემონსტრანტებს რესპუბლიკის მოედანზე.
დემოკრატიული პარტიის ჯგუფის წარმომადგენლის აიგერიმ ტულეიჟანოვას თქმით, მოედანზე მყოფთა უმრავლესობა იყო შეუიარაღებელი ახალგაზრდობა.
ყაზახეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, „წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს“ ათობით ადამიანი მოკლეს. უშიშროების ძალების 12 წევრი დაიღუპა და 353 დაშავდა.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში 4 დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.