ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის "სამშვიდობო ძალების" მეთაურად დაინიშნა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი. ამის შესახებ დღეს, 7 იანვარს მოსკოვში, ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის "სამშვიდობო ძალების" შემადგენლობაში არიან საჰაერო-სადესანტო ძალების სპეცრაზმის 45-ე ბრიგადა, 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია და 31-ე ბრიგადა.
ამასთან, დღეს, 7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთი ყაზახეთში გზავნის 150 სამხედროს, ხოლო ტაჯიკეთი 200-ს. 6 იანვარს, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზახეთში გაგზავნა საჰაერო-სადესანტო ძალების ასეული. მანამდე სომხური მედია იუწყებოდა, რომ ერევანი ყაზახეთში მიავლენს 70 სამხედროს. შესაბამისად, ყაზახეთში „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია სწორედ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებით.
ასევე წაიკითხეთ: მედია ყაზახეთში სროლის შესახებ იუწყება