აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის საკითხის დიპლომატიური მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია და სასურველია, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა, რუსეთის აგრესიას მძლავრად უპასუხოს.
ამასთან, ენტონი ბლინკენმა მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, თითქოს უკრაინა ემუქრება რუსეთს და კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
ასევე წაიკითხეთ: NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხი საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს
ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა