HRW-ი ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაუფრთხილებლად სროლის“ შესახებ ბრძანება დაუყოვნებლივ გააუქმოს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch, ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ძალოვანი სტრუქტურებისათვის გაცემული ბრძანება „გაუფრთხილებლად სროლის“ შესახებ დაუყონებლივ გააუქმოს.

„თავისუფლების მოპოვებიდან დღემდე, ყაზახეთი განიცდის ყველაზე სასტიკ კრიზისს და მსოფლიო ადევნებს თვალს, აჩვენებს თუ არა ყაზახეთის ხელისუფლება, რომ ის საკუთარი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს იცავს“, - აცხადებს, HRW-ის დირექტორის მოადგილე კრიზისისა და კონფლიქტების საკითხებში ლეტტა ტაილერი.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდის დროს პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა