საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% „ომიკრონია“

საქართველოში „ომიკრონის“ რამდენიმე ასეულ შემთხვევას იკვლევენ, დადასტურებული შემთხვევების 10% კი სწორედ ეს შტამია. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელის. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ 600 ინფიცირებულიდან კლინიკაში მხოლოდ 8 პაციენტი მოხვდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა, 777 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

ამავე თემაზე:

„ომიკრონის“ შემთხვევები 4 დღეში გაორმაგდა.