ვლადიმერ პუტინი: ყაზახეთში „მაიდანის" ტექნოლოგიები, მათ შორის საინფორმაციო მხარდაჭერა, გამოიყენებოდა

"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში დარჩება შეზღუდული პერიოდით, იმდენ ხანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის ყაზახეთის პრეზიდენტი", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ყაზახეთზე თავდასხმა და აგრესიული აქტი უწოდა.

„ჩვენ გვესმის, რომ ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის წინაშე საფრთხე სულაც არ არის გამოწვეული საწვავის ფასის გამო დაწყებული სტიქიური საპროტესტო აქციებით, არამედ გამოწვეულია იმით, რომ სიტუაციით ისარგებლეს დესტრუქციულმა შიდა და გარე ძალებმა. ამასთან, აქტიურად გამოიყენებოდა პროტესტების ძალოვანი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები, რაც „მაიდანის“ ტექნოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი. გამოიყენებოდა მებრძოლების კარგად ორგანიზებული და მკაფიოდ მართული ჯგუფები“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტი: სამშვიდობო ჯარები ყაზახეთში სიტუაციის სტაბილიზაციამდე დარჩებიან

რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა