ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე მხარეებს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.

ამასთან, მოლაპარაკებები რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, მიიღოს გარანტიები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და რუსეთის საზღვართან რაკეტებს არ განათავსებს. თუმცა, აშშ-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დროს „არავითარი მტკიცე ვალდებულება“ არ იქნება და განიხილება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები.

ცნობისთვის, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებები 12 იანვარს გაგრძელდება, რა დროსაც ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. 13 იანვარს კი ვენაში მოლაპარაკებები ეუთოს ფარგლებში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს