დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ტელეფონით ესაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მირჩა ჯოანასთან გამართული სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან შემდგარი სატელეფონო საუბრის ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, საუბრისას დეტალურად განიხილეს რუსეთსა და NATO-ეს მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ზალკანიანის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან სატელეფონო საუბარი საქართველოს მიმართ პარტნიორების მხრიდან მუდმივი ყურადღების დასტურია.

„მე დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან, რომ NATO არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებით, რომ ის არის თანმიმდევრული მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რომ ევროპული უსაფრთხოება დაფუძნებულია პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორებთან და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემდგომი აქტივობა.

„ის ფაქტი რომ, საქართველოს თემატიკა მუდმივად ჟღერდება მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც არაერთხელ ახსენა საქართველო უსაფრთხოების საერთო, გლობალურ კონტექსტში, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი საკითხების აქტუალიზაცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის უაღრესად პრიორიტეტული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ NATO-რუსეთის სამიტის წინ ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან.

რა თემები განიხილა ვენდი შერმანმა მინისტრ ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება