ყაზახეთის პრეზიდენტი: ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება

"სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებულად დასრულდა, ორ დღეში დაიწყება სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა", - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებულად დასრულდა, ორ დღეში დაიწყება სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა. კონტინგენტის გაყვანის პროცესი გაგრძელდება არა უმეტეს ათი დღისა“, – განაცხადა თოყაევმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

თოყაევის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და ამჟამად ყაზახეთში მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტმა ალიხან სმაილოვი პრემიერ-მინისტრად დანიშნა

ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს