რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს, ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო. DW-ს ცნობით, წვრთნებში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის Т-72Б3 ტიპის ტანკები და BMP-2“ ტიპის საბრძოლო მანქანები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ წვრთნების დროს აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და ძირითადი სამხედრო პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.
ამასთან, თითოეული ქვედანაყოფი ჩაატარებს საბრძოლო მანევრებს და საბრძოლო სროლებს. საბრძოლო მანევრებისას ტანკების და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟების მიერ შემუშავდება ერთობლივი ქმედების უნარი და 1,2 ათასი მეტრის დიაპაზონში იმიტირებულ მტრის სამიზნეებს გაანადგურებენ.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.