ისენს სტოლტენბერგი: ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რეალური რისკი არსებობს, რომლის თავიდან აცილებასაც ვცდილობთ

ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რეალური რისკი არსებობს, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი შეიარაღებული კონფლიქტი. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ასე მკაფიო ვართ რუსეთისადმი გზავნილებში, რომ მზად ვართ, დავსხდეთ, ჩამოვთვალოთ საკითხების ფართო სპექტრი: შეიარაღების კონტროლი, რაკეტებზე ორმხრივი შეზღუდვები და მრავალი სხვა საკითხი ახალი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მკაფიოა ჩვენი გზავნილი, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს სამხედრო ძალას, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. ეკონომიკური სანქციები, პოლიტიკური სანქციები. ჩვენ ვუწევთ მხარდაჭერას, პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინას საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. მოკავშირეები ამას სხვადასხვა გზით აკეთებენ.

მაგრამ უკრაინა არ არის NATO-ს წევრი. უსაფრთხოების გარანტიები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მე-5 მუხლს, „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“ - ეს ეხებათ ალიანსის წევრებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ასე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს NATO-ს ყველა მოკავშირის დასაცავად. ერთ მოკავშირეზე თავდასხმა მთლიანად ალიანსის პასუხს გამოიწვევს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, ამის ნაკლები თუ უფრო მეტი საშიშროება არსებობს, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ხსენებული საკითხით სპეკულაციაა სახიფათო.

„ეს რეალური რისკია“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა და დაამატა, რომ NATO მოლაპარაკებების ჩაშლის რისკსაც ითვალისწინებს.

12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს.

ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს.

იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება

იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან