ლატვიის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტი: მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას

"მხარს ვუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან, - ამის შესახებ ლატვიის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებები და პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის მოთხოვნები ნატოს მიმართ მესამე ქვეყნების სუვერენიტეტთან დაკავშირებით, ევროპის დე ფაქტო გავლენის სფეროებად დაყოფის მოთხოვნა და საფრთხე, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს „სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებები“ ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ევროპის საერთო მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია, პატივი სცეს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს და უზრუნველყოს სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და ვენის დოკუმენტის პრინციპების შესაბამისად.

მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ მოკავშირეებმა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრმა ქვეყნებმა, გასცენ ერთიანი და მტკიცე პასუხი რუსეთის ფედერაციის შესაკავებლად. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რომელიმე ქვეყნის არჩევანი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მესამე ქვეყნის თანხმობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.