ყაზახეთიდან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯარებმა გამოსვლა დაიწყეს

ყაზახეთიდან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯარებმა გამოსვლა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალები ყაზახეთის შესაბამის უწყებებს იმ ობიექტებს გადასცემენ, რომელსაც აქამდე იცავდნენ.

„სამშვიდობო ოპერაცია დასრულდა. ამოცანები შესრულებულია“, - განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტის მეთაურმა, გენერალმა ანდრეი სერდიუკოვმა.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთიდან სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს იწყება