სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამხედროებმა ყაზახეთი დატოვეს

სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამხედროებმა ალმათი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტაჯიკმა და სომეხმა სამეხდრო ძალებმა ყაზახეთი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით დატოვეს, ხოლო ყირგიზი ჯარისკაცები სამშობლოში სახმელეთო საზღვრის გავლით დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო კონტიგენტი ყაზახეთში 6 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნით გაგზავნეს.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთიდან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯარებმა გამოსვლა დაიწყეს