უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდი არ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სამინისტროების ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა.

„კომპიუტერის ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და უარესის მოლოდინი გქონდეთ. ეს თქვენ თქვენი წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდებზე განხორციელდა.